თეგი: ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას. ცნობისთვის, გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობას დღემდე სერგო თურმანიძე ასრულებდა. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ასევე საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მონიტორინგი და ანალიზი; უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და მაღალი ხარისხის ანალიტიკური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელევანტურ უწყებებთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობა; საბჭოს სხდომებისა და შესაბამისი ოქმების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ცალკეულ მიმართულებებზე, კონკრეტული პროექტების კოორდინაცია.  

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა. შსს-ს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორებმა ახალ უფროსს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქცია-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის უფროსი იყო, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი 11 თებერვალს დანიშნა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის“ საბოლოო რედაქცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. ყურადღება დაეთმო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე. სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მომზადების პროცესზე. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.